განათლება შავი კვადრატის მიღმა | მარი გაბუნია

(c) ტილო: მალევიჩი და ხეცურიანი (2020)

-ტომ!

პასუხი არ არის.

– ტომ!

პასუხი არ არის.

– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

ადამიანის სხეულებში შემოჭრილმა ვირუსებმა კომპიუტერის ეკრანებზე აალაპარაკეს შავი კვადრატები, რომლის მიღმაც ტომი წვავს კვერცხს, რეცხავს თეფშს, ყრის ნაგავს, თლის კარტოფილს, იღებს შხაპს და ზოგჯერ სძინავს

ობიექტურ სუბიექტურობაში მყოფი შავი კვადრატების მიერ წარმოებული მინი-დისკურსები, ამჯერად კომპიუტერის ეკრანზე შეკუმშული რეალობაა, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ორიგინალის ასლისგან გამორჩევას. უსახო გეომეტრიული ფიგურები სუროგატებს[1]ჰგვანან, რომლებიც საკუთარი საწოლებიდან აკონტროლებენ ავატარის ქცევას. კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული ტექსტები და ფიგურები წინ უსწრებენ შავ კვადრატებს და ისინი აღარ არიან იმ ცოდნის ავტორები, რომლითაც ისინი თავის თავს გამოთქვამენ.

მედიუმში გაშვებული ინფორმაცია ეკრანს მიღმა ყოველთვის ვერ აღწევს, მას მეხსიერების ბარათები ინახავენ, რომელიღაც ქალაქში, ჩაბნელებული სერვერების მტვრიან ოთახში. დიალოგი არ მუშაობს. ატროფირებული აკადემია, სადაც აზროვნება და ახალი ცოდნის შექმნა არ ხდება კიდევ უფრო გაიყინა.  ტოტალური სიმულაციის ამ ახალ ფაზაში განათლება ფანტასტიკის ჟანრად იქცა, რომლის ასახსნელად არც პოსტსტრუქტურალისტების ლინგვისტური თამაშები გვყოფნის და არც სპეკულატიური რეალიზმისკენ გადახვევა. ამ ჩიხში პოზიტივის პოვნა რთულია, თუმცა, ისიც არის, რომ მხოლოდ კრიზისში მყოფ ადამიანს შეუძლია ქაოსი გამოცდილებად გარდაქმნას. გარდაქმნამდე კი პირველი ნაბიჯი ქაოსის მიღებაა. ამიტომ, ეს ტექსტიც მხოლოდ რეფლექსიაა იმაზე, თუ „რა არის“ და არა იმაზე, „რა უნდა იყოს“.

დავიწყოთ კვადრატებით. მალევიჩი ხსნიდა, რომ ხელოვნების სამყარო უსახური მკვდარი სიმძიმისგან გაანთავისუფლა, გაექცა ხელოვნების მოსაწყენ ესთეტიკურობას და თავშესაფარი სუპრემატისტულ შავი კვადრატის ფორმაში იპოვა. კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული შავი კვადრატებიც მოსაწყენ განათლებას და აკადემიურ ნაგავს იძულებით გაექცნენ და მათაც თავშესაფარი ვირტუალურ,  გრაფიკულ შავ კვადრატებში იპოვეს. აქამდე გაუგებარი აკადემიის ფუნქცია ახლა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ცოდნის ბიბლიოთეკებიდან კომპიუტერის პროცესორებში მოთავსებამ ვერ მოახდინა ცოდნის ინსტიტუციონალური ჩარჩოდან განთავისუფლება. ცოდნის აკადემიური მონოპოლიისგან დახსნა და მისი უბნის ბირჟებზე გაჟონვის იდეა კიდევ უფრო უიმედო გახდა.

ამ პერვერსიულ ვნებებში, დისკუსიის ფოკუსი მეთოდური ფეტიშების ირგვლივ კონცენტრირდება, რაც დაკვირვების მიღმა ტოვებს იმ სოციალურ კონტექტს, რომელშიც ცვლილება მიმდინარეობს. რეფლექსიის მიღმა რჩება კითხვები დისკურსებზე, რომლებიც ხელს უწყობენ უინტერნეტო სტუდენტების გამრავლებას და სანაცვლოდ განვითარების სექტორის სრულ ყურადღებას მათ ჰუმანიტარიზაციაზე მიმართავს. მეთოდური ფეტიშები სასწავლო პლატფორმების ავკარგიანობაზეც მსჯელობენ, რადგან უიმედო პანდემიაში არავის სცალია დიდი კითხვებისთვის. არადა, კითხვა ბევრია: რა უნდა იქცეს კომპიუტერის ეკრანებზე გადანაცვლებული განათლების მიზნად, სად არის/რა არის დიალოგის მიზანი ? სად იბადება ცოდნა ალტერნატივების შესახებ ? როგორ ტრანსფორმირდება ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ?

ამ კითხვების და ახალი სასწავლო ურთიერთობების ახსნას განსაკუთრებული ენთუზიაზმით ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების სპეციალისტები შეხვდენენ. გაიხსენეს ციფრული სწავლების თეორიები და ხაზი გაუსხვეს დიზაინისა და პედაგოგიკის მნიშვნელობას. იგივე პათოსით, მიმდინარე სწავლების პროცესს საგანგებოდ დაშორებული სწავლება დაერქვა[2]. საბოლოოდ, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების სპეციალისტებმა თავიანთი დაშვებები გაიმყარეს და ამაში ბრალსაც ვერ დავდებთ. საკუთარი პოზიციები თვითმართული სწავლების მიმწოდებლებმაც გაიმყარეს და ვერც მათ დავდებთ ბრალს, თუმცა, ვირუსებთან თანაცხოვრების გახანგრძლივების შემთხვევაში, ეს რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო – ხომ არ მოხდება ამ მიდგომების ტოტალიზაცია და როგორ გადანაწილდება დროთა ბალანსი ინდივიდუალურ და ჯგუფურ განხილვებს შორის. ამასთან, თუ ტომი ისევ განაგრძობს შავი კვადრატრის მიღმა კვერცხის შეწვას, ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების პრინციპები ამოქმედდება და სინქრონული ლექციების საჭიროებაც ნელ-ნელა გაქრება. შავი კვადრატები ფულს აღარ გადაიხდიან ლექციების პარალელურად კვერცხის შეწვაში, რომელიც 2250 ლარის ნაცვლად 2,5 ლარი ჯდება.

ამის შემდეგ ხდება ის, რომ ტუტორები და ფასილიტატორებად ქცეული ლექტორები მართავენ სასწავლო პროცესს, სადაც სივრცე დიალოგისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი. განათლებაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი ინდივიდისკენ იხრება და სწავლაზე სრული ავტონომიაც დისკუსიის შესაძლებლობას აღარ ტოვებს. ქონექთივისტები[3] დაგვამშვიდებდნენ და გვეტყოდნენ, რომ ციფრულ ეპოქაში ის უფრო მნიშვნელოვანია სად ვიპოვოთ ინფორმაცია და არა უშუალოდ ახალი ცოდნის  შექმნაში მონაწილეობა. ეს წყვეტს და აუცხოებს შავ კვადრატს ვერტიკალურად კონცენტრირებული ცოდნისგან, აუცხოებს ქმედებისგან, შექმნისგან და ტოვებს მას მხოლოდ ინდივიდუალურად ინტერპრეტირებულ ცოდნასთან. ამგვარ გარემოში დერიდას უპირობო უნივერსიტეტის იდეა[4], სადაც კომერციული ინტერესებისგან დაცლილი კვლევის და ცოდნის მიზანია კითხვის დასმა, როგორც ფუნდამენტური უფლება უპირობო წინააღმდეგობის (unconditional resistance) მიუღწევადი ხდება. ცოდნა, რომელიც უპირობო უნივერსიტეტებში უნდა იქმნებოდეს ამჟამად ოთხი კედლით შემოსაზღვრულ ოთახებში, კომპიუტერის ეკრანით გამიჯნულ მე და საზოგადოების დიდ დიქოტომიას შორის, მინიმალური ფასილიტაციით მიმდინარეობს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცოდნა, როგორც ქმედების წინაპირობა, სანაცვლოდ კი არამატერიალიზებულ დეკლარატიულ ცოდნას ვიღებთ, რომლის ერთადერთი მიზანია უნარების განვითარება დასაქმებისთვის.

უნარების განვითარება დასაქმებისთვის კარგია, თუმცა, ის არ ტოვებს სივრცეს დიდი კითხვებისთვის და არც იმაზე რეფლექსიისთვის თუ როგორ აქციეს ბიოტერორებმა, პანდემიებმა, ციფრულმა მედიამ, ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა და ჰიბრიდული მართვის სისტემებმა წინა საუკუნეებში არსებული სოციალური სტრუქტურები უფრო კომპლექსურ სისტემებად. ადამიანები დიდი ხანია მარტო აღარ არიან ამ ომში, და სინამდვილეში, არც არასდროს ყოფილან. ამ ფაქტს დიდი მონდომებით აიგნორებს დასავლური ანთროფოცენტრიზმი, რომელიც ადამიანს ამყოფებს მოვლენების ეპიცენტრში და  აძლევს მას უფლებას შთანთქას,  ჭამოს და მოიხმაროს ყველაფერს, რაც მის ირგვლივაა. ამიტომ, პოსტჰუმანისტური არა იმ გაგებით, რომ ადამიანთა ეპოქა დასრულდა, არამედ იმ გაგებით, რომ ის არც არასდროს უნდა ყოფილიყო მხოლოდ ჰუმანისტური. თანაარსებობის ამგვარი იდეა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ცხოველის იდეას.

კავშირების, გადახლართული ქსელების და კომპლექსურობის ასეთ მოცემულობაში, ისევ უკან, მთავარი კითხვის გადააზრებისკენ მივდივართ: რა არის ცოდნის მიზანი ? უნდა ჰქონდეს თუ არა ცოდნას, მხოლოდ  პრაქტიკული გამოყენების მიზანი (პითაგორა), თუ ახალი ცოდნის შექმნა, როგორც თავისთავადი მიზანი (პლატონი).კონკრეტული ეპოქის საჭიროებებიდან გამომდინარე  ამ კითხვაზე მოაზროვნეები სხვადასხვა პასუხს პოულობდნენ, რადგან განათლებას ერთი უნივერსალური მიზანი არ გააჩნია და ის ყოველთვის განსხვავებულია გამომდინარე იმ კონტექსტიდან, რომელშიც ის ხდება (takes place). ამ ეპოქაში ჩვენთვის საყურადღებოა ის, რომ ადამიანებისთვის მწარე სილის გაწნას აგრძელებენ ვირუსები და ბაქტერიები,  ლატურმაც გაგვაფრთხილა, რომ ეს მხოლოდ გენერალური რეპეტიციაა უფრო დიდ კატასტროფამდე[5]. ჟიჟეკი კი თავის ახალ წიგნში „პანდემია“ დასძენს[6]:

„ჩვენ უნდა გავიაზროთ სხვა წევრებთან ჩვენი გადახლართულობა ფართო კრებულებში: უფრო მგრძნობიარენი უნდა გავხდეთ ამ კრებულთა მოთხოვნების მიმართ, ხოლო საკუთარი ინტერესის ახლებურად ფორმირებული გრძნობა მოგვიწოდებს, გავითვალიწინოთ მათგან დაკისრებული ვალდებულებები. მატერიაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ინერტულ სუბსტანციად მიიჩნევა, უნდა შევიცვალოთ აზრი და მივიღოთ იგი, როგორც საგანთა მრავალრიცხოვნება, რომელიც წარმოქმნის ადამიანურ და არაადამინაურ მოქმედ წევრთა კრებულებს – ადამიანები მხოლოდ ერთ-ერთი ძალაა ძალთა პოტენციურად უსაზღვრო ქსელში.“

ამგვარ კომპექსურობაში როგორ ტრანსფორმირდება სასწავლო გარემო, სადაც human-non-human ურთიერთობები მიმდინარეობს, ჯერაც ვიწრო ფუნდამენტური კვლევების სივრცეებს ვერ გასცდა და ამ კითხვებზე პასუხები მომავლის განათლების სისტემის პასუხისმგებლობად აქციეს. მაგრამ, სანამ მომავალი დადგება, აღმოსავლური ფოლოსოფიით შთაგონებული მკითხველი იკითხავდა: კი მაგრამ, რას ვშვებით, აქ და ამჟამად ?

აქ და ამჟამად რას ვშვებით, სამწუხაროდ, არ ვიცი, თუმცა,  ჩვენი განათლების სისტემის გაჯანსაღება, ალბათ, იმასთან შეჯახებითაა შესაძლებელი თუ „ რა არის“. ეგზისტენციალურ კრიზისში უნდა ჩავარდეს განათლების საერთო სტრატეგიის დოკუმენტიც[7], რომელიც საერთოდ არ პასუხობს იმ ეთიკურ დილემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამგვარ კომპლექსურობასთან, უპასუხო კითხვებთან და სირთულეებთან შეჭიდება შეუძლია პანკ პედაგოგიკას, როგორც მის წინააღმდეგობრივ ბუნებას, გაბედოს ფიქრი „მიღმა“ და შექმნას სივრცე დიალოგისთვის აკადემიაში, სკოლაში, გეტოებში, სკვერებში და სახურავებზე. პანკ პედაგოგიკას არ აქვს საზოგადოების ტოტალური ცვლილების და მისი გაპოსტჰუმანურების გულუბრყვილო მოლოდინი. უფრო პირიქით, ის განათლების სისტემას ტოტალურიდან ლოკალური ჭეშმარიტებების ძიების პროცესში იწვევს, სადაც უფრო მეტი კითხვებია, ვიდრე პასუხები.


[1] ჯონათან მოსტოუს ფილმი სუროგატები (2009)

[2] The Difference Between Emergency Remote Teaching and Online Learning (2020). Retrieved from: https://er.educause.edu/articles/2020/3/the-difference-between-emergency-remote-teaching-and-online-learning

[3] სასწავლო თეორია, რომელიც პასუხობს ციფრული სამყაროს მოთხოვნებს და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას (Seamens, 2004).

[4] Derrida, J. (2002d). The university without condition. In P. Kamuf (Ed.), Without alibi (pp. 202–237). Stanford: Stanford University Press.

[5] Latour (2020). Is this a Dress Rehearsal?. Retrieved from: http://www.bruno-latour.fr/fr/node/847.html

[6] Zizek, S. (2020). Pandemic!.

[7] განათლების და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.