სისტემური პარადოქსი: რატომ უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები | მარი გაბუნია

ეროვნული გამოცდების რეფორმის წინაპირობა საქართველოში 2003 წელს ქვეყნის მიერ პროდასავლური კურსის არჩევა იყო, რასაც მოყვა  რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის მოდელზე გადასვლის მცდელობა განათლების სფეროში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესის გადახედვით დაიწყო, შესაბამისად, 2005 წლიდან დაინერგა ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც დაეფუძნა  უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი მოდელით ჩანაცვლების იდეას. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანი განისაზღვრა როგორც:  

ა) საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა 

ბ) საგნამნათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა 

ეროვნული გამოცდების პირველი მიზანი, მიაღწიოს გამჭვირვალე, ანტიკორუფციულ და კონფიდენციალურ საგამოცდო პროცედურას  მიღწეულია. სადაოა რამდენად აღწევს ეროვნული გამოცდები მისთვის განსაზღვრულ მეორე მიზანს და ახერხებს უნივერსიტეტებში გაგრძელების მსურველთა იმ უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, რამაც შემდგომში უნდა გადაწყვიტოს არიან თუ არა მოსწავლეები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების „ღირსნი“. ამ „ღირსების“ დასადგენად ბოლო წლებში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა: დაამატეს საატესტატო გამოცდები, შემდეგ გააუქმეს, ასევე გაუქმდა ზოგადი უნარების გამოცდა. 2019 წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, თავად ჩაატარა ეროვნული გამოცდების შეფასების კვლევა , სადაც აღწერილია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები ძირითადად მის პროცედურულ გამართულობას და ობიექტურობას უსვამს ხაზს. ამ კვლევის საფუძველზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ის არ აღმოჩნდა საკმარისი დაერწმუნებინა სამინისტრო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო, რაც გვაფიქრებინებს რომ სისტემის ლოგიკის მიხედვით, გამოცდების ობიექტურობისა და პროცედურული გამართულობის ღირებულება ჭარბობს გამოცდების  ნაკლოვანებებს. 

განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიცია ბადებს ეჭვს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. სამინისტროს ძალიან უჭირს ეროვნულ გამოცდებთან გამომშვიდობება, რადგან ის დღემდე განათლების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ითვლება. ეროვნულმა გამოცდებმა თავისი როლი და სასიცოცხლო ციკლი უკვე დიდი ხანია ამოწურა, ამიტომ მნიშვნელოვანია არ დავრჩეთ ამ რეფორმის ხიბლში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო:

ვერტიკალური განათლება

განათლების მნიშვნელობის აღქმა პოლიტიკის დოკუმენტებში და რეალობაშიც საფეხურეობრივია. ვერტიკალური სვეტის მთავარი მიზანი საფეხურებს შორის ნახტომების გაკეთებაა და შინაარსობრივი აქცენტი თითოეულ  საფეხურზე ყოფნის დროს ხარისხიანი განათლების მიღების დაკარგულია. სხვა სიტყვებით,  ეროვნულმა გამოცდებმა ზოგადი განათლების მიზანი განსაზღვრა როგორც უნივერსიტეტში მოხვედრის ფუნქცია და არა სკოლაში ყოფნის დროს სრულყოფილი სასკოლო განათლების მიღება. 

ამგვარ ვერტიკალურ კიბეს ართულებს თანმდევი სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, რომლის გათვალისწინებითაც ეროვნული გამოცდები განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ უთანასწორობას უფრო მეტად აღრმავებს ვიდრე ამცირებს. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადი განათლების ხარისხი კორელაციაშია გამოცდების შედეგებთან. ზოგადი განათლების შეფასება ქვეყანაში ხდება სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების მიხედვით (PISA, TIMSS). არსებული შედეგები არც თუ ისე დამაიმედებელია. 

TIMSS – ის მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან 2015 წლამდე უთანასწორობა განათლებაში გაიზარდა. სხვაობაა ქალაქისა და სოფლის, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის. PISA -ს 2019 წლის მონაცემებით, სხვაობა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის 44 სატესტო ქულას შეადგენს. ასევე, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონდე მოსწავლეები 78 ქულით ჩამორჩებიან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეებს. TIMSS -ის მიხედვით კერძო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე მაღალი შედეგი აქვთ. PISA -ს კვლევაში ჩანს, რომ აზერბაჯანულ ენოვანმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყელო მეცნიერებებში საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მათ ვინც ტესტი ქართულად დაწერა.

კვლევების შედეგები მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსწავლეების მიღწევებს  ზოგად განათლებაში და ეროვნულ გამოცდებზე საგრძნობლად განსაზღვრავს სკოლების ადგილმდებარეობა (სოფელი/ქალაქი), სკოლის ტიპი (საჯარო/კერძო) და  სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სპეციფიკა (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები). ამ ტენდენციას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის  2019 წლის კვლევა და აღიარებს, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის  ტიპის მიხედვით, ეს ცვლადი ასევე გავლენას ახდენს სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე. ამ მოცემულობაში, გაუგებარია რატომ უწყობს სისტემა ხელს უთანასწორობის გაღრმავებას, როცა გამოცდების გაუქმებით მისი სრულად აღმოფხვრა არა, მაგრამ საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია.

ზოგადი განათლების ორი პარალელური სისტემა 

ქვეყანაში არსებობს  ორი ზოგადი განათლება, ერთი ფორმალური და მეორე არაფორმალური. ეროვნული გამოცდები არაფორმალურ ზოგად განათლებას – რეპეტიტორთა ინსტიტუტს –  აძლიერებს და ამით აღრმავებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, რეპეტიტორთან მომზადების მთავარ მიზეზად დასახელებულია ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი (53%). მომზადება დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლებთან, ამ მხრივ პროპორცია მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის არის 64 და 24 %. 

არც მასწავლებლები არიან თანაბარ პირობებში, ისინი ერთი ტიპის მომსახურებში განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ გეოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით. კობახიძის (2018) კვლევის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბანში მათემატიკის მასწავლებელი აბიტურიენტის მომზადებაში იღებს 1000 დან 1800 დოლარმდე 10 თვის განმავლობაში. იგივე მონაცემები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ინგლისურში ქობულეთში ერთი მასწავლებელი იღებს 40-დან 70 ლარამდე, საგარეჯოში – 50 ლარს. მასწავლებლების სოციო-ეკონომიკური სტატუსიც განსაზღვრავს ფასწარმოებას, თუ მათი ოჯახები ფინანსურად რთულ მდგომარეობაში არიან, ისინი იგივე მომსახურებში ბევრად დაბალ თანხას იღებენ (მაგ. 30 ან 40 ლარი ერთ საგანში). 

2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, მშობლების მიერ ზოგად განათლებაში დახარჯული თანხა დაახლოებით შეადგენდა 300 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის გამოყოფილი თანხის 85,5% წარმოადგენს და აქედან 40 % არის რეპეტიტორების ხარჯები. საერთო ჯამში რეპეტიტორების წილი ზოგადი განათლების ბიუჯეტის 35 % -ია . ამ მხრივ დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა რომ შეცვალა. 

რეპეტიტორთა ინსტიტუტი სრულად ვერასდროს გაუქმდება და ეს სამინისტროს თვითმიზანი არც უნდა იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია მაშტაბების გათვალისწინება. ძლიერი რეპეტიტორთა ინსტიტუტი ერთგავრი მესიჯია, რომ მასწავლებლის დაფასება და აღიარება ხდება გამოცდების ქულების მიხედვით და არა სკოლაში ყოფნის დროს მათი მოსწავლეებთან ურთიერთობის და ჯანსაღი სასწავლო გარემოს ხელშეწყობის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, ხდება სკოლის როლის და რეპუტაციის დაკნინება. კობახიძის (2018) წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეები რომლებიც კერძოდ ემზადებიან  კარგავენ ინტერესს ჩაერთონ სასკოლო პროგრამის მიერ განსაზღვრულ სასწავლო აქტივობებში. ასევე, მასწავლებელებს უჭირთ იმ მოსწავლეების მიმართ ფავორიტიზმის დამალვა, რომლებსაც კერძოდ ამზადებენ. გამოდის რომ სკოლა მოსწავლეებს კი არ ეხმარება გამოცდების ჩაბარებაში, არამედ პირიქით –  ხელს უშლით მათ. 

ამავე პრობლემას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშიც (2019), რომელიც ამბობს რომ რეპეტიტორებთან მომზადება გარდაუვალ საჭიროებად აღიქმება და რომ კერძოდ მომზადება მჭიდრო კავშირშია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან და ეროვნული გამოცდების შედეგებთან. გამოდის რომ გვაქვს ნახევრად ბუტაფორიული ზოგადი განათლება, რომელსაც ადასტურებს ეროვნული გამოცდების ცენტრის კვლევაც, მაგრამ მაინც არ ჩანს მისი ცვლილების სურვილი, რაც კიდევ ერთი სისტემური პარადოქსია. 

ხარჯთეფექტურობა 

ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს საგამოცდო ტესტების მომზადებაში, ინფრასტრუქტურაში, გამოცდების შედეგების გასწორებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებში. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი 2018 წელს იყო 11, 810, 000 მილიონი ლარი, აქედან ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენდა  4, 400, 000 მილიონ ლარს. ამას შეგვიძლია დავამატოთ მშობლების მიერ ყოველწლიურად დახარჯული რამდენიმე მილიონი ლარი კერძოდ  მომზადებაში (დაახლოებით 180 მილიონი ლარი). 

თანხები საკმაოდ დიდია, მაგრამ არ ჩანს ვინ იღებს სარგებელს ამ დანახარჯებიდან. თუ ვიტყვით, რომ პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები, მშობლები და უნივერსიტეტები, მაშინ ვნახავთ რომ მოსწავლეების და მშობლების ინტერესი მიიღონ მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება მიღწეული არ არის, უნივერსიტეტის ინტერესი ჰქონდეს გარკვეული ავტონომია და მიიღოს მონაწილეობა სტუდენტების შერჩევის პროცესში პროგრამების შესაბამისად, მიღწეული არ არის. სხვა სიტყვებით, ეროვნული გამოცდები განათლების ხარისხის ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების ინტერესებს არ ემსახურება, მაშინ ლოგიკურია დაისვას კითხვა:

მიზანშეწონილია თუ არა გამოცდების პროცედურულ გამართულობაში მილიონობით ლარის ყოველწლიურად დახარჯვა თუ შინაარსობრივ სარგებელს არცერთი მხარე არ იღებს ? აქვე, დამატებითი კითხვა თვითრეფლექსიისთვის:  რა სარგებელს მიიღებდა ზოგადი განათლება მილიონობით ლარის ინვესტირება ყოველწლიურად გამოცდების ორგანიზების ნაცვლად სკოლების გაძლიერებაში რომ მომხდარიყო ? 

ალტერნატივა 

ეროვნული გამოცდების შედეგები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ერთადერთი კრიტერიუმია. არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს მოდელი, რომელიც  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ 3 საათიან გამოცდაზე  მიღებული შედეგების მიხედვით წყვეტს. ალტერნატიულმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს კრიტერიუმების მრავლფეროვნება და მათი წონის გადანაწილება. 

კრიტერიუმების მრავალფეროვნება შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს ჩაერთონ შერჩევის პროცესში. მაგალითად, დანიშნონ დამატებითი გასაუბრება,მოითხოვონ სამოტივაციო წერილი, სასკოლო ნიშნების ფურცელი, დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. პროცესი უნდა შეადგენდეს ამ მონაცემების ერთობლიობას და უნდა გაერთიანდეს პორტფოლიოში. 

ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ, გაზრდის უნივერსიტეტების ავტონომიას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სკოლის დაკნინებული როლის აღდგენას.  უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამგვარი მოდელიც შეიცავს რისკებს, მაგალითად, სკოლაში ნიშნების დაწერასთან დაკავშირებული კორუფციის მატება და უნივერსიტეტების გასაუბრებისა და პორტფოლიოების შეფასების არაობიექტურობა.  ეს რისკები ნამდილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიულ მოდელზე გადასვლა ამ მიზეზების გამო შეფერხდეს. სამინისტროს ვალდებულებაა თანხების ინვესტირება მოახდინოს ალტერნატიული მოდელის ფუნქციურ და მეთოდოლოგიურ დახვეწაში, რაც მაქსიმალურად  შეამცირებს მასთან დაკავშირებულ პროცედურულ და შინაარსობრივ რისკებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.