პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადე, ზრდასრულთა არაფორმალური განათლება და NGO-იზაცია | მარი გაბუნია

ზრდასრულთა განათლება საქართველოში არც თუ ისე პოპულარული ტერმინია და ხშირად არაფორმალურ განათლებად მოიხსენიება. სინამდვილეში, ნებისმიერი არაფორმალური განათლება, რომელშიც ზრდასრულები მონაწილეობენ თავისთავად შეგვიძლია მივიჩნიოთ ზრდასრულთა განათლებად.

საქართელოში, არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ძირითადი მიმწოდებლები არიან (კვაჭაძე, 2009). მათ სამუშაო თემებს შეადგენს დემოკრატია, მონაწილეობა, აქტიური მოქალაქეობა, სიტყვის თავისუფლება, გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა. მათი მთავარი  მიზანი შეიძლება შეჯამდეს, როგორც ინკლუზიური და მონაწილეობითი საზოგადოების ხელშეწყობა, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში სხვადასხვა ჯგუფთა ხედვები აისახება (ანგარიში „სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი პროგრესისთვის“, 2014). მიიჩნევა, რომ NGO-ების საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს, მაგრამ ზოგიერთი ავტორი საუბრობს იმაზე, რომ NGO-ებს მდგრადი სტრუქტურული ცვლილების განხორციელება არ შეუძლიათ, რადგან მიდრეკილნი არიან უთანასწორო სოციალური წესრიგის კვლავწარმოებისა და არა – მისი გარდაქმნისკენ (ბიკარტი და ფოულერი, 2009). ამგვარად, ჩემი მთავარი დაშვებაა, რომ საქართველოში არაფორმალური ზრდასრულთა განათლება მოკლებულია შესაბამის თეორიულ და ფილოსოფიურ ხედვას, რაც შემდგომში სწავლების ყოველდღიურ მეთოდებსა და მიდგომებში აისახება. NGO-ებში დასაქმებული განმანათლებელბი NGO-ებსა და დონორ ორგანიზაციებს შორის არსებულ ძალაუფლებრივ დინამიკას სრულად ვერ აცნობიერებენ.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული სტატიის მიზანი არ არის საერთაშორისო დონორებისა და NGO-ების დემონიზაცია, და არც დასავლური ღირებულებებისა და ფინანსური მხარდაჭერის უარყოფის ულტრამემარჯვენე სენტიმენტებს იზიარებს. დღესდღეობით, საქართელოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დასავლეთის გაუაზრებელი კრიტიკით ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. შესაბამისად, სტატია მხოლოდ  არაფორმალური განათლების სფეროში ჩართული განმანათლებლების პოლიტიკური ხედვის ამაღლებას ისახავს მიზნად, რათა ხელი შეეწყოს მათ კრიტიკულ ჩართულობას დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში. იმ პირობებში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი გლობალიზებულ სამყაროში, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად,  ქვეყანამ  შეძლოს საკუთარი განვითარების გზის პოვნა,  ამ პროცესში კი ზრდასრულთა არაფორმალური განათლებისა და კონკრეტული განმანათლებლების  როლი არსებითი მნიშვნელობისაა.

რა არის ზრდასრულთა განათლება?

ზრდასრულთა განათლება ფრაგმენტული სფეროა და სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი. UNESCO (2011) ზრდასრულთა განათლებას განმარტავს როგორც პროცესს, სადაც ზრდასრულები თავიანთი პროფესიული კვალიფიკაციის განახლებას ან გაუმჯობესებას ახდენენ, ან ახალ სფეროში ახალ ცოდნასა და უნარებს იძენენ. ამას უწყვეტ განათლებასაც (lifelong learning) უწოდებენ, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ნებაყოფლობით სწავლას ნიშნავს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოში ზრდასრულთა განათლება იდეოლოგიზებულ პოლიტიკურ განათლებას წარმოადგენდა, რაც წინ წამოსწევდა სოციალისტური შრომის პრინციპებს და მსწავლელის ინდივიდუალურ ინტერესებს უგულებელყოფდა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2008). 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში ზრდასრულთა განათლების ევროპული მოდელების შემოტანა და თანამედროვე ტენდენციებთან ადაპტირება დაიწყო. ამავდროულად მიმდინარეობდა პროდასავლურ პოლიტიკაზე გადართვისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი.

ამჟამად, ზრდასრულთა განათლების სახელმწიფო ხედვა მხოლოდ პროფესიული განათლების მიწოდებით შემოიფარგლება. განათლების სამინისტროში 2019 წელს შეიქმნა ზრდასრულთა განათლების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებას. ადგილობრივი თვითმმართველობა ზრდასრულთა განათლებას საკუთარ ამოცანად ნაკლებად მიიჩნევს, შესაბამისად, რაიონებში მოსახლეობის ცნობიერება მსგავსი გადამზადების პროგრამების შესახებ დაბალია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ასაკი – მიიჩნევა, რომ 46-49 წლის ადამიანი განათლების მისაღებად მეტისმეტად „დიდია“. დაბალია ცოდნა და ცნობიერება უწყვეტი განათლების იდეის შესახებ, ისევე როგორც არაფორმალურ განათლებაში ზრდასრულთა ჩართულობა (DVV International, 2017).

განათლების სამინისტროს გარდა შეგვიძლია ზრდასრულთა განათლების მიმწოდებელი სხვა  რამდენიმე ინსტიტუტი გამოვყოთ, კერძოდ, ადგილობრივი ბიზნესები რომლებიც საკუთარი დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. ბოლონიის პროცესის მიღების შემდეგ, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა უწყვეტი განათლების პოლიტიკის დანერგვა დაიწყეს. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უწყვეტი განათლების ცენტრი გახსნა, სადაც აკადემიური პერსონალისთვის სემინარები და ტრენინგები ტარდება. საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულ სხვა ინსტიტუტებს შორის არიან პროფესიული განათლების ცენტრები, სათემო ბიბლიოთეკები და კერძო მცირე საგანმანათლებლო ცენტრები (კვაჭაძე, 2009).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ აქტორთა სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საკუთარი დასაქმებულები ან ის ადამიანები/აქტორები, რომლებსაც სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შეუძლიათ. გამონაკლისია არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები), რომლებიც ზრდასრულებისთვის უფასო არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. მაგალითად, ასოციაცია DVV International საქართველოში ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და პროფესიონალიზაციის მნიშვნელოვანი ლობისტია. ასოციაციამ საქართველოში მუშაობა 2002 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ჯგუფებისთვის ზრდასრულთა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას.

NGO – ები და არაფორმალური ზრდასრულთა განათლება საქართველოში

საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველოს მთავრობა და ქართული საზოგადოება ტრანზიციისთვის მზად არ აღმოჩნდა, პროცესი მტკივნეულად წარიმართა, რამაც ადრეულ 1990-იანებში ეკონომიკური არასტაბილურობა და ძალადობრივი კონფლიქტი გამოიწვია. ამ პროცესებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო – ისინი დღემდე მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მჭიდრო ფოკუსით დემოკრატიულ მმართველობასა და საბაზრო ლიბერალიზაციაზე.

საერთაშორისო დონორების დაშვებას წარმოადგენდა, რომ საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობდა, შესაბამისად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ისინი სამოქალაქო საზოგადოების იდეის განვითარებას ისახავდნენ მიზნად. შედეგად, საქართველოში ტერმინები „სამოქალაქო საზოგადოება“ და „NGO-ები“ სინონიმური გახდა (ჰამილტონი, 2000). საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების უმრავლესობა სხვადასხვა სფეროში სოციალური ცვლილების მიღწევას ისახავს მიზნად. განათლების სფეროში უდიდესი დონორები არიან ევროკავშირი, USAID, მსოფლიო ბანკი, UNDP, GTZ და დასავლეთის ქვეყნების საელჩოები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოები. „სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი პროგრესისთვის“ 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 77,8% გრანტს საერთაშორისო დონორებისგან იღებს. ამ დონორებს შორის, ქართული NGO-ების მთავარი მხარდამჭერი ევროკავშირია. ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა (51,6%-მა) განაცხადა, რომ უცდიათ გრანტის მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისგან.

2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება მიიღეს; ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სფეროში ეს იმას მოასწავებს, რომ ევროკავშირი გაზრდის NGO-ების ჩართულობას ზრდასრულთა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. 2019 წელს საქართველოს ოთხ რეგიონში დაიწყება სამიზნე ჯგუფების დასაქმებისუნარიანობის ზრდის პროგრამა და ევროკავშირი მხარს დაუჭერს უნარების განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებს. პროგრამის ბიუჯეტი შვიდ მილიონ ევროს შეადგენს (ევროკავშირის გზამკვლევი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის 2018-2020). ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ორგანიზაციები მეტად უნდა ფოკუსირდნენ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და გადმოიღონ ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს კონკურენტულობას, ზრდას, პროდუქტიულობას და  ადამიანური კაპიტალის ოპტიმიზაციას. უდაოა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის ადამიანების მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციები ხედვა ზრდასრულთა განათლებაზე არ იყოს  აღქმული, როგორც მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარების ინსტრუმენტი.

შეიძლება შეგვედაონ, რომ უნარების განვითარების გარდა, NGO-ები აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო და სათემო ზრდასრულთა განათლებაზე, რაც სიმართლეა, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო აქტივიზმის ინსტიტუციონალიზაცია. ადგილობრივი NGO-ები სერვისების მიმწოდებლები ხდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ NGO განმანათლებლები ადგილობრივ თემებს საჭირო კულტურულ კაპიტალს მოკლებულ ობიექტებად აღიქვამენ, და, შესაბამისად, თავს ახვევენ იმგვარ შინაარსობრივ და ქცევით სტანდარტებს, რომელიც ამ უკანასკნელთა წვლილს უგულებელყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხელს უშლის სოციალური მოძრაობების ბუნებრივ განვითარებას და მათ NGO-ების ობიექტებად – და არა სუბიექტებად – აქცევს. ბერაია, იავუზი და დილანიანი (2019, გვ.157) წერენ, რომ აქტივიზმის ამგვარი ინსტიტუციონალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „აღრმავებს NGO-ებს და ქვემოდან წამოსული სოციალური მოძრაობების სოციო-პოლიტიკურ ორგანიზებას შორის დაყოფას, და ინარჩუნებს ნეოლიბერალური governmentality[1]-ის ტრანსნაციონალურ აპარატს“.

საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაში ტრანსნაციონალური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი NGO-ების აქტიური ჩართულობა მყარ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ზრდასრულთა განათლებისთვის სივრცის შექმნაში სახელმწიფოს როლი მინიმალურია, და რომ ქვეყანაში განვითარების დისკურსულ მიმართულებას საერთაშორისო ორგანიზაციები განსაზღვრავენ. მაშასადამე, პოლიტიკის შემქმნელ ელიტებს ის ქვეყნები და  ორგანიზაციები (დონორები) წარმოადგენენ, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგის განსახორციელებლად ეკონომიკური და დისკურსული რესურსების მობილიზაცია შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამები დონორების პრიორიტეტებით არის განსაზღვრული და ადგილობრივ NGO-ებს მხოლოდ ოპერაციულ ფუნქციას ანიჭებს. ამგვარი დამოკიდებულება არამდგრად და არაორგანიზებულ, სისტემურ მიდგომას მოკლებულ განვითარებას იწვევს. გარდა ამისა, დონორები ზრდასრულთა განათლებას ცალკე პრიორიტეტად არ გამოყოფენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროს სისტემური განვითარების მიდგომა არ არსებობს.

დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მოპოვება მიმზიდველი ჩანს, მაგრამ ამავდროულად, ღირს ყურადღება მივაქციოთ ზემოხსენებულ შეზღუდვებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა  აღიარონ დონორების ფინანსური ძალაუფლება, აქტიურად ჩაერთონ დღის წესრიგის განსაზღვრაში და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პრიორიტეტების სტრატეგიულ დაგეგმვაში.

რა კავშირშია პოლიტიკური სიცხადე ერთ კონკრეტულ განმანათლებელთან ?

არაფორმალური ზრდასრულთა განათლების სფეროს NGO-იზაციის გათვალისწინებით, ისმება მთავარი კითხვა, თუ როგორ ოპერირებენ განმანათლებლები საერთაშორისო დაფინანსების მქონე ამგვარ კომპლექსურ განათლების პროგრამებში, და სწავლების რომელ მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ საერთაშორისო დონორების ძალაუფლებასთან დასაპირისპირებლად. მაქსისა და პენინგტონის (2003) აზრით, განმანათლებლების დამოკიდებულებები და რწმენები ხშირად დომინანტური იდეოლოგიის არაცნობიერი ანარეკლია, რამაც შეიძლება მათი მოსწავლეები/სტუდენტები დააზიანოს. ლილია ბარტოლომე (2008) წერს, რომ სწავლების მეთოდები იდეოლოგიური გავლენების ქვეშ არის, სხვადასხვა ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფების აკადემიურ ჩამორჩენას ან დაბალ ჩართულობას ტექნიკურ პრობლემად განიხილავენ, და პრობლემის გადაწყვეტას ასევე ტექნიკური მეთოდით ცდილობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია NGO განმანათლებლების ფილოსოფიური ორიენტაცია და როგორ აისახება ეს მათ სამუშაო პრაქტიკაზე.  ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განმანათლებლების პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის ნაკლებობა არის თუ არა საერთაშორისო დონორების დღის წესრიგების უკრიტიკო მიღების საფუძველი. შესაძლოა განმანათლებლები არ ფლობდნენ სრულ ძალაუფლებას კურიკულუმების შედგენაზე, მაგრამ მეორე მხრივ მათ შეუძლიათ წარმართონ და გააშუალონ სტრატეგიული პროცესი თემის წევრებსა და საერთაშორისო დონორებს შორის. შესაბამისად, საჭიროა განმანათლებლებს დაფინანსების სტრუქტურების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ და აცნობიერებდნენ, თუ რა გავლენა შეუძლიათ მოახდინონ მათ ქვეყნის გრძელვადიან განვითარების პროცესზე.

საქართველოში ზრდასრულთა განათლების სფეროში დასაქმებულთათვის საკვალიფიკაციო სტანდარტები არ არსებობს, ამიტომ საინტერესოა რა ფორმით უნდა მოხერხდეს განმანათლებელების ასეთი კრიტიკული მიდგომების განვითარება. ამის საკომპენსაციოდ, NGO-ები დამოუკიდებლად აორგანიზებენ ტრენერთა ტრენინგებს (ToT) – მცირე სემინარებს, რომელიც ინტერაქტიული სწავლების მეთოდების განვითარებაზეა ფოკუსირებული, თუმცა იდეოლოგიებსა და სწავლების ფილოსოფიას ყურადღება ნაკლებად ექცევა. გარდა ამისა, ამგვარი ტრენინგები უმეტესად პროექტებზე მიბმული აქტივობებია და სისტემური ხასიათი არ გააჩნია.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად შეიძლება იქცეს ლილია ბარტოლომეს (2004)   პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის ცნების ქცევა  იმ  არსებით თეორიულ საფუძვლად, რომელიც განმანათლებლებისთვის ToT-ის კურიკულუმების შედგენის დროს იქნება გათვალისწინებული.

პოლიტიკური სიცხადე – აღნიშნავს მიმდინარე პროცესს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები უწყვეტად იღრმავებენ ცნობიერებას სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობების შესახებ, რაც ფორმას აძლევს მათ ცხოვრებას, და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რომ ამგვარი მატერიალური და სიმბოლური პირობები გარდაქმნან. პოლიტიკური სიცხადე ასევე აღნიშნავს პროცესს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები აცნობიერებენ მაკრო დონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ცვლადებსა და დაქვემდებარებულ ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირებს“ (ბარტოლომე 2004, გვ.98).

იდეოლოგიური სიცხადე – აღნიშნავს პროცესს, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები არსებული სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური იერარქიის საკუთარი ახსნების იდენტიფიცირებას ახდენენ და ამას დომინანტური საზოგადოების ხედვებს ადარებენ. იდეოლოგიების შეპირისპირება მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, უკეთესად გაიგონ, თუ როდის და როგორ ხდება მათ მიერ დომინანტური საზოგადოების რწმენითი სისტემების უკრიტიკო ათვისება, და შესაბამისად, იმ უთანასწორო და მიუღებელი პირობების შენარჩუნება, რასაც ბევრი სტუდენტი ყოველდღიურად განიცდის“ (ბარტოლომე 2004, გვ.98).

პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლების პროფილი

პირველ რიგში, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებლები აღიარებენ, რომ სწავლება პოლიტიკურად ნეიტრალური საქმიანობა არ არის, და შეუძლიათ საკუთარი პირადი გამოცდილება დომინანტურ პოლიტიკურ წესრიგზე რეფლექსიად აღიქვან. მათ აქვთ უნარი, ერთმანეთს დაუკავშირონ მაკრო დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები და საკლასო ოთახებში არსებული მიკრო დონის ვითარება. პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებლები აცნობიერებენ საზოგადოებაში მჩაგვრელი ძალების რაობას და აქვთ უნარი, დაუპირისპირდნენ მეინსტრიმულ სოციო-კულტურულ პრაქტიკებს (ბარტოლომე, 2004). NGO განმანათლებლების კონტექსტში ეს ნიშნავს დონორების ინტერესებსა და თავსმოხვეულ დღის წესრიგებთან დაპირისპირებას, და უფრო მეტად მონაწილეობითი და ქვემოდან ზემოთ წამოსული მიდგომების მხარდაჭერას.

პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებელბის სწავლების მეთოდებს შეუძლია იმგვარი პირობების შექმნა, რომელიც დაქვემდებარებულ სტუდენტებს ჩვეული პასიური პოზიციიდან აქტიური და კრიტიკული ჩართულობის მდგომარეობაში გადაიყვანს. პოლიტიკური სიცხადის მქონე მასწავლებლები აცნობიერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ სტატუს- კვო ან პირიქით, გარდაქმნან სოციო-კულტურული რეალობა საკლასო ოთახის დონეზე, იმგვარად, რომ მიკრო დონის კულტურა მაკრო დონის უთანასწორობებს არ ასახავდეს (ბარტოლომე,1994). პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის მქონე განმანათლებლებს უნდა შეეძლოთ სტუდენტების მხარდაჭერა, როდესაც იდეოლოგიები დამაზიანებელი და დისკრიმინაციული ფორმით იჩენს თავს.

პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადის უწყვეტად შენარჩუნება არც ისე მარტივია, რადგან ეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მუდმივ დაკვირვებას მოითხოვს. შესაბამისად, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადე უნივერსალური ფენომენი არ არის. თავის გვიანდელ ნაშრომებში, ბარტოლომე (2008) გვთავაზობს პრაქსისს, როგორც უსასრულო მოქმედება-რეფლექსიის პროცესს, რომელიც განმანათლებლებს განათლების პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილებების უკეთ გაგებაში დაეხმარება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ კრიტიკული პარადიგმა ერთადერთ ან დოგმატურ მიდგომად არ უნდა გავიგოთ. ნაცვლად ამისა, მნიშვნელოვანია მისი მუდმივი განახლება და ადაპტაცია კონტექსტის შესაბამისად.

გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ კრიტიკულ განმანათლებლებს ინსტიტუციურ შეზღუდვებთან მოუწევთ დაპირისპირება; ყველა ინსტიტუტი ნამდვილად არ მიესალმება მეამბოხეებს  საკუთარ რიგებში. სტივენ სვითი (1998, გვ.106) ინსტიტუციური შეზღუდვების პრობლემის გადასაწყვეტად შემდეგ გამოსავალს გვთავაზობს:

  1. დავუქვემდებაროთ ინსტიტუციური მოთხოვნები ფილოსოფიას;
  2. დავუქვემდებაროთ ფილოსოფია ინსტიტუციურ მოთხოვნებს;
  3. ვეცადოთ მივაღწიოთ ბალანსს ფილოსოფიას და ინსტიტუციურ მოთხოვნებს შორის.

და ბოლოს,

ნებისმიერი ტიპის განათლების დაცლა ღირებულებებისგან და მის უკან მდგომი ფილოსოფიისგან განმანათლებლებს აქცევს მხოლოდ ტექნიკოსებად და კონკრეტული მეთოდების მცოდნე შემსრულებლებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია მასწავლებლების/ტრენერების/ფასილიტატორების მოსამზადებელ პროგრამებეში გათვალისწინებული იყოს სწავლების ფილოსოფიის ის ასპექტები, რომლებიც მათ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიცხადეს შეუწყობს ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, კარგი იქნება თუ ისინი გადახედავენ საკუთარ მიდგომებს და საგანმანათლებლო პროგრამების დაწყებამდე მონაწილეობითი მუშაობის პრინციპებს დანერგავენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ NGO-ები შეთანხმდნენ საერთო ძირითად ღირებულებებზე, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ კონკრეტული სფეროს სისტემური განვითარება მოახერხონ და უკეთ მოახდინონ ფართო საზოგადოების ინფორმირება მათი საქმიანობის შესახებ. NGO-ებს შორის ამგვარი კავშირების ქსელის შექმნა შეამცირებს ფრაგმენტაციის შანსებს, ხოლო გაძლიერებული თანამშრომლობა გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავრობაზე, რომ ზრდასრულთა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამის მისაღწევად, ორგანიზაციებმა უნდა მოითხოვონ ანდრაგოგიკის, როგორც პროფესიის, განვითარება და შემოიღონ მექანიზმი, რომელიც განმანათლებლების საკვალიფიკაციო სტანდარტებს შექმნის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უნდა აისახოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში, რაც ზრდასრულთა განათლების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მოვალეობაა შეინარჩუნოს ბალანსი ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმოებაში, რომელიც ერთი მხრივ, მოამზადებს ადამიანებს  შრომის ბაზრისთვის და მეორე მხრივ,  სამოქალაქო და შემოქმედებითი განათლების მიწოდებით ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ბიბლიოგრაფია:

Bartolome l. (2004).Critical Pedagogy and Teacher Education: Radicalizing Prospective Teachers. Teacher Education Quarterly, 31(1) 97-122.

Bartolome L. (2008). Beyond the Fog of Ideology. Counterpoints, 319, IX-XXIX.

Bartolome, L. I. (1994). Beyond the methods fetish: Toward a humanizing pedagogy. Harvard Educational Review, 64(2), 173-195. Doi:10.17763/haer.64.2.58q5m5744t325730

Beraia, A., Dilanyan, S., & Yavuz, H. (2018). Beyond NGOs: Decolonizing Peacebuilding and Human Rights. Caucasus Edition, 3(1), 157–173. Retrieved from:

Biekart, K. K., & Fowler, A. A. (2009). Civic Driven Change: A concise guide to the basics. Retrieved from: https://www.tni.org/files/download/CDCpamphlet.pdf

Civil Society, Dialogue FOR Progress report. (2014). Mapping study of Civil Society Organizations` Engagement in Policy Dialogue in Georgia.

DVV International Georgia Country office. (2017). Adult Education Centers in Georgia.

EU Delegation and Heads of EU Member State Embassies in Georgia. (2018). EU Roadmap for Engagement with Civil Society in Georgia in 2018-2020.

Hamilton, K. (2000). Constructing an NGO sector in transitional contexts: The reach of NGO-donor ‘Partnerships’ in post-soviet Georgia. IDS Bulletin, 31(3), 48-56. doi:10.1111/j.1759-5436.2000.mp31003005.x

Kvatchadze, L. (2009). Adult Education in South Caucasus – Armenia, Azerbaijan, Georgia. In: Uwe Gartenschlaeger (Ed.), European Adult Education outside the EU (pp. 131-151). Bonn: Leppelt Grafik & Druck GmbH

Marx, S., & Pennington, J. (2003). Pedagogies of critical race theory: Experimentations with white preservice teachers. International Journal of Qualitative Studies in Education, 16(1), 91-110. Doi: 10.1080/0951839022000036381

Ministry of Education and Science of Georgia. (2008). Development and State of Art of Adult Learning and Education (ALE) in Georgia. National report. CONFINTEA VI.  

Sweet, S. (1998). Practicing radical pedagogy: Balancing ideals with institutional constraints. Teaching Sociology, 26(2), 100-111. Doi: 10.2307/1319278


[1] მოსახლეობის რაციონალური მართვისა და მენეჯმენტის სისტემა (იხ. ფუკო, 1991)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.