გაიას ჰიპოთეზა, პოსტპანდემიური სიმართლის რეჟიმი და განათლების სისტემა | მარი გაბუნია

ჰაბერმასი გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ გამოქვეყნებულ  ინტერვიუში ვირუსის შესახებ ამბობს:

„ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ექსპერტებმა გაბედული პროგნოზებისგან თავი უნდა შეიკავონ. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნის და იმ იძულების შესახებ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დაუცველოში, აქამდე არასდროს გვქონია“.

ჰაბერმასის ეს სოკრატისეული განცხადება და არცოდნის ცოდნაზე რეფლექსია მნიშვნელოვანი მესიჯია. ერთი, იმიტომ, რომ მიმდინარე მოვლენების სრულად განჭვრეტა შეუძლებელია და მეორე, იმიტომ რომ ასეთმა დამოკიდებულებამ ხელი უნდა შეუწყოს პარადიგმულ ომებში ჩართული ჯგუფების დიალოგს იმისთვის, რომ  კრიზისი ახალი ცოდნის  დაბადების შესაძლებლობად გარდაიქმნას.

ამ დიალოგის დასაწყებად რამდენიმე მნიშვნელოვანი დაშვების გაცნობიერებაა საჭირო. დავიწყოთ იმით, რომ ვირუსის მოლეკულებმა სოციალურ წესრიგს და ცოდნას, რომელიც აქამდე დომინანტური იყო ბზარები გაუჩინა.  ვირუსის გავრცელებიდან მალევე, გახშირდა დისკუსიები  არსებული ლიბერალური ეკონომიკის თვითდესტრუქციულობაზე და პოლიტიკური კომპასის მარცხენა ფლანგი მის აღსასრულსაც  წინასწარმეტყველებს. არსებულ დისკურსს, ან „სიმართლის რეჟიმს“, როგორც მას მიშელ ფუკო უწოდებდა, მართლაც მოერყა საფუძველი და კრიზისის გახანგრძილვების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ის სულ მცირე სახეშეცვლილი დაგვიბრუნდეს.

ეს დისკურსული დინამიკა და ფარული გეოპოლიტიკური ომები საინტერესოა განათლების სისტემისთვისაც, რადგან ვიცით რომ დომინანტური დისკურსები არეკლილია მეინსტრიმულ  სასწავლო კურიკულუმში და არსებულ „სიმართლის რეჟიმს“ სასწავლო სილაბუსებად აქცევს. შესაბამისად, ასეთ გარდამავალ პერიოდში, განათლების სისტემისთვის ცენტრალურ კითხვად უნდა  იქცეს ის, თუ რომელი ცოდნა გახდება ლეგიტიმური და რა იქნება სასწავლო კურიკულუმებში „სიმართლის რეჟიმი“ .

შემდგომი მსჯელობა მიმდინარე ცვლილებებზე და მოსალოდნელ „სიმართლის რეჟიმზე“  შეგვიძლია ორად დავყოთ: პირველ ნაწილში გამოვყოფთ იმ ტრენდებს, რომელიც შექმნილმა კრიზისმა მალევე გამოააშკარავა და ალბათობა იმის, რომ  ვირუსის შემდეგ მას ინსტიტუციური სახე მიეცეს უფრო მაღალია. მეორე შეეხება გრძელვადიან ვარაუდებს იმაზე, თუ რა ტიპის დისკუსიები შეიძლება წარიმართოს კურიკულუმის ფუნდამენტურ ცვლილებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში, გამოთქმული ვარაუდები ეფუძნება უკვე არსებული ცოდნის ინტერპრეტაციას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ

დაგროვილი თეორიული გამოცდილება არ არის მეინსტრიმულ პრაქტიკასთან თანმიმდევრული და ცოდნის კონცენტრაცია ვერტიკალურია. სხვა სიტყვებით, კვლევის შედეგები აკადემიურ და ორგანიზაციულ თაროებზე იმტვერება და მათ დიდ ნაწილს პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნიათ.  

ვირუსის გაკვეთილები განათლების სისტემას

ვირუსისგან გაკვეთილებს ნელ-ნელა და ეტაპობრივად ვიღებთ. ზოგი უფრო აშკარად ჩანს, ზოგს მეტი დაკვირვება სჭირდება. მთლიანი პროცესი ფრაგმენტულია, რაც ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელია. უფრო დიდი სურათის წარმოდგენისთვის შეიძლება დაგვეხმაროს ცვლილებების თეორია, რომელიც აღწერს  იმ მოვლენების თანმიმდევრულობას, რამაც კონკრეტული ცვლილებები უნდა მოიტანოს. განათლების სფეროში, ერთ-ერთი ასეთი თეორიის ავტორები  გამოყოფენ ოთხ კომპონენეტს: რა არის ცვლილებების ტრიგერი, რა არის მიზანი, რა არის მექანიზმები და რა იქნება სოციალური სარგებელი.  (Loogma, Tafel-Viia & Ümarik, 2012).

მიმდინარე ცვლილებების ტრიგერი/ინიციატორი თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვირუსია, რამაც შემდგომ წარმოშვა ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ ინიციატივები. განხორციელების მექანიზმები სხვადასხვაგვარია ინიციატივების შინაარსიდან გამომდინარე. მიზანზე მსჯელობა რთულია, რადგან ცვლილებები დაგეგმილი არ ყოფილა, ამიტომ მიზანზე ორიენტირებულობაც  ფრაგმენტულია და ძირითადი ფოკუსი უმეტესად დროებით, აქ და ამჟამად გადაწყვეტებზეა მიმართული. ალბათ, ყველაზე საყურადღებო სოციალური სარგებლის ნაწილია, რაზეც სტრატეგიული რეფლექსია პოლიტიკის განმსაზღვრელებმა უნდა განახორციელონ. სოციალური სარგებლის მთავარი დაშვებაა, რომ მან უნდა მოიტანოს სარგებელი საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის,  განათლების შემთხვევაში ეს სარგებელი საგანმანათლებლო რესურსებზე და განათლებაზე  ხელმისაწვდომობაა.  ამ დაშვებაზე ორიენტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამჟამინდელი გაკვეთილების შემდგომი  ინსტიტუციონალიზაცია სოციალური სარგებლის პრინციპებს ეფუძნებოდეს.

პირველი ყველაზე აშკარა გავლენა, რაც პოსტპანდემიურ განათლების სისტემას შესაძლოა დარჩეს არის ტექნოლოგიებთან მეტი სიხალოვე. თუ აქამდე განათელბის სპეციალისტებს უწევდათ იმის მტკიცება, რომ ციფრული წიგნიერება დ ICT უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, ახლა ამის საჭიროება ნაკლებად დგას. მასწავლებლები და ლექტორები მიხვდნენ, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში არც თუ ისე ცუდია. ამიტომ, ინდივიდუალურ თუ ინსტიტუციურ დონეზე ონლაინ სწავლების  პრაქტიკები დარჩება მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად.

საუნივერსიტეტო აკადემიური შეხვედრების ონლაინ ჩატარებაც რეალური გახდა და მისი ხარჯთეფექტურობაც მომხიბვლელი. ასინქრონული სწავლების გამოცდილება უნივერსიტეტებს უფრო მეტად აქვთ ვიდრე საჯარო სკოლებს, ამიტომ მოსალოდნელია რომ ეს მიმართულება უფრო მეტად გაძლიერდება და ჩაწერილი  ვიდეო ლექციების რაოდენობა გაიზრდება, რაც თავის მხრივ, სემინარის დამხმარე ასისტენტების/ტუტორების როლს გააძლიერებს. ზრდასრულთა განათლების მიმართულებით, უნივერსიტეტები ასევე შეიძლება უფრო აქტიურად ჩაერთონ ქართულ ენაზე შექმნილი მასიური სასწავლო კურსების შექმნაში, როგორიცაა მაგალითად Coursera. ამ მიმართულებით, კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო დაიწყებს საერთაშორისო უნივერესიტეტების კურსებზე მიღებული სერთიფიკატების აღიარების პროცესს.

იმ შემთხვევაში თუ მოკლე ისტორიულ მეხსიერებას დავუსხლტებით, სკოლებს და უნივერსიტეტბს უნდა ჰქონდეთ ონლაინ სწავლების სრულყოფილი გეგმები, რომელიც დაარეგულირებს სწავლების ფორმებს, საკომუნიკაციო არხებს და პლატფორმებს. ასეთი გეგმების არსებობა სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვასთან ერთად, შემდგომი ბიო-ომის და ფორსმაჟორის დროს ნაკლებად მტკივნეულ ტრანზიციას შეუწყობს ხელს. ამას აუცილებლად მოყვება პლატფორმების განვითარების პროცესი. ერთი მხრივ, გაიზრდება  ქართული სტარტაპების ინტერესი საგანმანათლებლო აპლიკაციების შექმნის კუთხით და მეორე მხრივ, მსხვილი კორპორაციებისგან, როგორიცაა გუგლი და მაიკროსოფტი, მოითხოვენ  პროდუქტების ლოკალიზებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნება ისიც, თუ დეცენტრალიზაციის საკითხი  დადგება დღის წესრიგში. შექმნილ ქაოტურ მდგომარეობაში, სკოლებს მოუწიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და მობილიზება. ეს პროცესი ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს,  მაგრამ ამან ერთგვარი თავდაჯერებულობა შესძინა სკოლებს, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა იყოს სამინისტროსთვის, რომ მათ  „გაუშვან“ სკოლები რათა ისწავლონ. დეცენტრალიზაციის საკითხთან ერთად, იმ მოცემულობში, როცა მოსწავლეების ნაწილი მხოლოდ მშობლებისგან მიღებული მხარდაჭერის იმედზეა, უნდა მოხდეს შინსწავლების სტრატეგიების გადახედვა და ამ მიმართულებით მშობლების შესაბამისი მხარდაჭრა.

ეს ვარაუდები შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებით გამყარებას საჭიროებს, ამიტომ სტრატეგიულად გადამწყვეტი იქნება მიმდინარე პროცესების სწრაფი კვლევა. ის, რაც ახლა ვიცით არის მხოლოდ შემდეგი: საქსტატის მიხედვით,  2019 წლისთვის საქართველოს მოსახლების 62% აქვს სახლში კომპიუტერი და 79.3 % აქვს ინტერნეტი. ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ვიცით რომ 20 მარტის მონაცემებით, Microsoft Teams- ში მომხმარებელთა აქტივობა 9556% -ით გაიზარდა, თუმცა ეს მონაცემები ბევრს არაფერს გვეუბნება. ჯერ კიდევ არ ვიცით რა ხდება კონკრეტულად მასწავლებლების და მოსწავლეების სახლებში. რამდენ ბავშვს აქვს საკუთარი კომპიუტერი და თავისუფალი სივრცე სამეცადინოდ, რამდენი მოსწავლეა ამჯერად აქტიურ ონლაინ სწავლებაში ჩართული, რამდენი მოსწავლე იყენებს ტელესკოლის პროგრამას და ა.შ. ეს ის მიმართულებებია რისი კვლევაც ახლა უნდა  მიმდინარეობდეს, იმისთვის რომ შემდგომი გადაწყვეტილებები ამ მონაცემებს დაეფუძნოს.

ეკოსისტემა , მენტალური ჯანმრთელობა და კურიკულუმი

„ვის დავუჯეროთ: ვინც ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება სიცოხლისთვის საშიშია? ვინც ამბობს, რომ  ეს შეიძლება სახელმწიფომ დაარეგულიროს, თუ მათ ვინც ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად პროგრესის მარში უნდა გაგრძელდეს.“

ბრუნო ლატური

თუ ადრე მეინსტრიმული განათლების სისტემის მთავარი კრიტიკა იყო ის, რომ ის ინდუსტრიულ ეპოქაში შეიქმნა და ქარხნის მუშაობის პრინციპებს ეფუძნება,  პოსტეპიდემიურ სამყაროში მსჯელობა შესაძლოა ამგვარად განვითარდეს: განათლების სისტემა იმ გარემოში განვითარდა, როცა მთავარ ფოკუსში ადამიანები იყვნენ, ახლა კი ფოკუსში მთლიანი ეკოსისტემაა- ადამიანები,  პლანეტა, ცხოველები, მცენარეები, საკვები. სამყაროს ამგვარი ჰოლისტური გაგება კურიკულუმის საკვანძო ელემენტი  შეიძლება გახდეს. გააქტიურდება მსჯელობები ისეთ თემებზე როგორიცაა ჰოლისტური სწავლება,  ეკოსისტემის და მთლიანობის აღქმა,  ინტერ და ტრანსდისციპლინარულობა.  

პირველი სცენაზე ჩნდება გაია, ბერძნულ მითოლოგიაში დედამიწის ქალღმერთი. თუმცა, ამ სტატიაში გაიას მითოლოგიური ისტორია ნაკლებად საინტერესოა, ის უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ რას გულისხმობდა ინგლისელი მეცნიერი და გარემოს დაცვის ექსპერტი ჯეიმს ლავლოკი, რომელმაც შექმნა გაიას ჰიპოთეზა (შემდგომში თეორია), ასევე წიგნი „გაიას შურისძიება“.

გაიას ჰიპოთეზის მთავარი დაშვებაა, რომ დედამიწა ერთი მთლიანი თვითრეგულირებადი  ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ არაცოცხალ ორგანიზმებზე. ევოლუციურ პროცესებში დედამიწა ცოცხალ და არაცოცხალ ორგანიზმებთან ერთად მონაწილეობს და ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ურთიერთკავშირიშია.

ამ ჰიპოტეზას, რომელიც მეცნიერთა ნაწილისთვის ფუნდამენტურად ახალს არაფერს ამბობს, გავლენა მოახდინა  სხვადასხვა ეკოლოგიურ მოძრაობებზე, თუმცა აკადემიურ წრეებში მაინც ეჭვის თვალით უყურებენ. ამ სტატიის მიზანი გაიას ჰიპოთეზის მეცნიურული სიზუსტის დადგენა არ არის, მისი გახსენების მთავარი მიზანი ეკოსისტემის ჰოლისტური გადააზრებაა და ის, რომ ამ თემებზე დისკუსიამ შესაბამისი წონის ადგილი  დაიმკვიდროს  კურიკულუმში. ადამიანი – ბუნების დიხოტომია ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ან ქიმიის გაკვეთილებზე დედამიწის შემადგენელი ნაწილების განცალკევებული სწავლებით ვერ გადაიჭრება. სამყაროს აღქმის ამგვარი გადააზრებისთვის საჭიროა ინტერ და ტრანსდიციპლინარული კურიკულუმის დანერგვა მეინსტრიმულ განათლების სისტემაში.

ეკოსისტემის ახლებური აღქმისთვის და ახლებური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა შესაბამისი სასწავლო სტრატეგიები, ასეთი შეიძლება იყოს განათლების თეორიებში კარგად ნაცნობი ჰოლისტური მიდგომა, რომელიც სწავლებას არ აღიქვამს როგორც მხოლოდ კოგნიტურ პროცესს. ჰოლისტური სწავლების მკვლევრები უშვებენ ადამიანის გონების, სხეულის და სულის მთლიანობას, შესაბამისად აინტერესებთ როგორ შეიძლება მსწავლელის პიროვნული განვითარების ყველა დონის გააქტიურება როგორიცაა  პერსონალური, ემოციური, სოციალური და მორალური (Lovat, 2011; Rozentsvit, 2016). ამგვარი მიდგომა უფრო ზრდასრულთა სათემო განათლებაშია ათვისებული, მაგალითად სოციალური ცვლილებების ასეთი ჰოლისტურ მიდგომა კარგად არის აღწერილი ადრიანე ბრაუნის მიერ წიგნში „Emergent Strategy”, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს ადამიანების, ბუნების, ცხოველების და ტექნოლოგიების ჰარმონიულ თანაცხოვრებას, სადაც პლანეტა დაკავშირებულია ინდივიდუალურ და სოციალურ პრობლემებთან და მეორე მხრივ, რადგან არ არსებობს კონკრეტული ფორმულები ასეთი ჰარმონიული ცხოვრებისთვის, გვთავაზობს რომ ეს პასუხები პროცესში უნდა აღმოცენდეს, როგორც Emergent Strategy. ასეთი მიდგომების გამოცდილება კერძო და საერთაშრისო სკოლებისთვის ახალი არ არის,  მაგალითად საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა და ა.შ. მთავარია, რომ  ეს გამოცდილება ათვისებული იქნეს განათლების სისტემაში ეროვნულ დონეზე. 

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაზეც პასუხის გაცემა მოუწევს კურიკულუმს არის ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები. ცვლილებები ბევრი განზომილებით მიმდინარეობს მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით,

დაწყებითი კლასების 65% იმუშავებს ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც ჯერ არ არსებობს და ალბათობა იმისა რომ ასეთი “მომავლის სამსახურები“ ტექნოლოგიებთან იქნება დაკავშირებული ძალიან დიდია. ტექნოლოგიების როლის მატებასთან და იზოლაციის შეგრძნებასთან ერთად, იზრდება მარტო დარჩენის (FOBO) და რაღაც მნიშვნელოვნის დანაკლისის (FOMO) ფობია.

ამის საპასუხოდ საუბრები ემოციური გონიერების და „მაინდფულნესის“ ინტეგრირებაზე კურიკულუმში დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგალითად, ინგლისის 370 სკოლაში უკვე დაინერგა შესაბამისი აქტივობები, რომელიც მედიტაციას და სუნთქვით ვარჯიშებს დანერგვას გულისხმობს. პროგრამა ხორციელდება მენტალური ჯანმრთელობის კვლევის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ 2021 წლამდე დააფინანსა. ჩვენს კონტექსტში, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, 2019 წლის უსაფრთხო საგანმნათლებლო გარემოს ეფექტიაობის აუდიტის ანგარიშში, ფსიქოლოგიური მომსახურების ნაკლოვანებები საკმაოდ კრიტიკულად არის წარმოდგენილი. შინაარსობრივი პრობლემების გარდა,  არ არის გათვალისწინებული სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იმ ფონზე, რომ მოსწავლეთა მიმართვიანობა ყოველწლიურად იზრდება.  2017 წელს მიმართვიანობა 61%-ით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს 17%-ით. 2019 წელს საერთო მიმართვიანობამ 6 თვის მონაცემებით შეადგინა 1932-ს.

ამ კვლევების და ტენდენციების ფონზე, შესაძლოა დასავლეთს ბევრი რამის სწავლა მოუწიოს გლობალური სამხრეთისგან. მაგალითად, მეტი ინტერესით მოვუსმენთ რა აქვთ სათქმელი ამაზონის იავანას ტომიდან ადამიანებს ბუნებასთან კავშირის შესახებ.

აუცილებელია ალტერნატივებზე ინფორმაციის არსებობა, რადგან

დომინანტური „სიმართლის რეჟიმის“ დროს, დაშვებებზე რეფლექსია ხორიცელდება მხოლოდ იმ რეალობიდან გამომდინარე რომელშიც ვართ, ამიტომ ამგავრმა ალტერნატიულმა ცოდნამ და კითხვებმა კლიმატის ცვლილების და ეკოკატასტროფების გამომწვევ ადამიანურ და ბუნებრივ მიზეზებზე საკლასო ოთახებშიც უნდა შეაღწიოს. აბზაცის ბოლოს, ბრუნო ლატურის კითხვებს შეგვიძლია კიდევ ერთი ანტიპოზიტივისტური რიტორიკული კითხვა დავამატოთ – ის რასაც ვერ ვხედავთ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის არ არსებობს ?

დამოკიდებულება: რა კითხვები დავსვათ და რატომ ?

„რაც უფრო მეტი ჩრდილია შენში, ანუ რაც უფრო დიდია შენი ქუხილი, რომელზეც პლატონი ლაპარაკობს , -ე.ი მერყევი მდგომარეობა, შინაგანი ტანჯვა, – მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ სინათლე მოვიდეს შენთან“

მერაბ მამარდაშვილი

ვირუსის ჩრდილისგან გამოწვეული ქუხილი ნამდვილად დიდია, მთავარი ისევ ის არის,  რას მოუხერხებს განათლების სისტემა ამ შინაგან მერყეობას. ამ კითხვაზე ორგვარი პასუხი შეგვიძლია გავცეთ. ერთი სისტემური, რასაც მოსალოდნელი რისკების გათვალისწინება და პოტენციური ნაბიჯების ანალიზი სჭირდება. ამგვარ რისკებზე და განათლების სისტემის იმუნიტეტის ზრდის შესაძლებლობებზე ჩვენი პლატფორმის წინა ბლოგში შოთა ზურაბიშვილმა ისაუბრა, ამიტომ ვეცდები  ამ სტატიაში დამოკიდებულების ცვლილების თემა განვავრცო, რომელიც პირველ რიგში  ინდივიდუალურ დონეზე უნდა განხორციელდეს.

დამოკიდებულების ცვლილება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ღირებულებით განათლებას უკავშირდება და ხშირად მორალურ დილემებამდეც მივყავართ. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი კურიკულუმის ცვლილებასთან დაკავშირებით მოითხოვს ჩვენს მზაობას, პირად ინტერსს, მსოფლმხედველობის და ღირებულებების გადახედვას. სხვაგვარად ეკოლოგიური საკითხებით დაინტერესება მხოლოდ ბუტაფორიული ხასიათის იქნება და დიდად არაფერს შეცვლის ადამიანი-ბუნების დამოკიდებულებაში. შესაბამისად, საჭიროა ცნობიერების  და ცხოვრების წესის ფუნდამენტური კოლექტიური  ცვლილება.

აქ შეიძლება კონფლიქტში მოვიდეთ უნივერსალური თეორიების ჭეშმარიტების საკითხთან, მაგრამ ეს მაშტაბური კითხვების დასმას ხელს არ უშლის. ის ტენდენცია უფრო პრობლემურია, როცა განათლების სისტემაში მეტი აქცენტი უნარების განვითარებაზე კეთდება, რაც არღვევს ბალანსს თეორიასა და პრაქტიკას შორის, აქცევს განათლებას ტექნიკური უნარების შეძენის ქარხნად, სადაც ცოდნის მთავარი მიზანი მხოლოდ სამსახურეობრივი უნარების განვითარებაა.

თუ კომპეტენციები არის უნარის, ცოდნის და დამოკიდებულების ერთობა, მაშინ როგორ განვივითაროთ დამოკიდებულება თუ დიდ და მაშტაბურ კითხვებს არ დავსვამთ ? განსაკუთრებით ახლა, როცა გარდამავალი პერიოდია და როცა ფუნდამენტურად უნდა გადავიაზროთ ჩვენი ეკოსისტემასთან დამოკიდებულება.

ამ ძიების პროცესში საკვანძო კითხვა იქნება რა კითხვას დავსვამთ ცონდასთან მიმართებით. განათლების სფეროში საკვანძო კითხვად შეიძლება იქცეს თუ როგორ ახერხებენ მოსწავლეები და სტუდენტები კონკრეტულ საგანში იმის გამორკვევას რომელია აღიარებული და ლეგიტიმური ცოდნა, ვინ აქცევს მას ლეგიტიმურად და როგორ შეიძლება ალტერნატიული ცოდნების აღმოჩენა და მათზე დისკუსია. არსებული დომინანტური დაშვებების ძიება, როგორც ყოველდღიური ფარული საზოგადოებრივი ნორმებით შეთანხმებული წესების, უნდა იქცეს ფუნდამენტად, რადგან ასეთ „სიმართლის რეჟიმებს“ გაუცნობიერებლად მივყვებით და განსაზღვრავენ როგორ ვმოქმედებთ, რა რწმენები, მორალი, ეთიკური, პოლიტიკური  თუ ფილოსოფიური რწმენები განსაზღრავენ ჩვენს ხედვებს, ანალიზს და არგუმენტებს.

ეს პროცესი ერთი მხრივ ინდივიდულურად გასავლელი გზაა, მეორე მხრივ კი მასწავლებლების და განმანათლებლების როლია ფუნდამენტურად შეცვალონ დამოკიდებულება ცოდნის კონსტრუირების მიმართ. მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი დაშვებები და ის, თუ რა ტიპის კრიტიკულ აზროვნების წახალისებას ახდენენ მოსწავლეებში.

მნიშვნელოვანია გავიგოთ: 

რა არის კრიტიკული კრიტიკულ აზროვნებაში? რას აკრიტიკებენ სკოლები და უნივერსიტეტები ? არის თუ არა კრიტიკული აზროვნება ცალკე მდგომი უნარი, თუ ის უნდა იყოს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ლექტორსა და სტუდნეტს შორის ურთიერთობის ორგანული ნაწილი? უნდა გახდეს თუ არა ცოდნისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალი კურიკულუმის ცენტრალური მიზანი, თუ აზროვნების  და ცნობიერების ეს ფორმა უნდა დარჩეს განათლების მექანიკურ ნაწილად?

ერთი შეხედვით სტატიის უტოპიური პათოსი სულაც არ იქნება უტოპიური, თუ პროცესებს ლარს ვონ ტრიერის ფილმის მელანქოლიის პერსონაჟებივით არ შევხედავთ და აპოკალიფსური სცენარის დროს მხოლოდ ესთეტიკური ტკბობით არ დაველოდებით პლანეტის დედამიწასთან შეჯახებას. ამიტომ, შემდეგი ნაბიჯისთვის მნიშვნელოვანია ზოგადიდან კონკრეტულისკენ გადავინაცლოთ და ვნახოთ რა ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის და განათლების  სტრატეგიის დოკუმენტებში ? უპასუხებს თუ არა  არა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და პრინციპები პოსტეპიდემიური განათლების სისტემის ინტერესებს და მოთხოვნებს ?

მარი გაბუნია

Let`s tweet

ბიბლიოგრაფია:

Bartolome L. (2008). Beyond the Fog of Ideology. Counterpoints, 319, IX-XXIX. 

Brown, A. M. (2017). Emerging Strategy. Edinburgh: AK press

Lovat, T. (2011). Values education and holistic learning: Updated research perspectives. International Journal Of Educational Research50(3), 148-152. doi: 10.1016/j.ijer.2011.07.009

Lovelock, J. (2007). The revenge of gaia: earth’s climate crisis & the fate of humanity. Basic Books.

Latour, B. (2017). Waiting for Gaia: Composing the common world through arts and politics. In What is Cosmopolitical Design? Design, Nature and the Built Environment (pp. 41-52). Routledge.

Loogma, K., Tafel-Viia, K., & Ümarik, M. (2012). Conceptualising educational changes: A social innovation approach. Journal Of Educational Change14(3), 283-301. doi: 10.1007/s10833-012-9205-2

Rozentsvit, I. (2016). Revolutionary education: Fostering emotional intelligence and empathic imagination across the mainstream curriculum. Interdisciplinary inquiry. European Psychiatry33, S438. doi: 10.1016/j.eurpsy.2016.01.1591

Foucault, M. (1980). Power/knowledge: Selected interviews and other writings, 1972-1977. Vintage.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.