პოსტვირუსული სკოლები – განათლების სისტემის 3 კოშმარი | შოთა ზურაბიშვილი

ბილ გეითსი ჯერ კიდევ 2015 წელს TED -ის გამოსვლაში მსოფლიოს სწრაფად გადამდები ვირუსის გავრცელების საშიშროების შესახებ აფრთხილებდა1 და მოსამზადებლად გვთავაზობდა რამდენიმე მიმართულებით ღონისძიებების გატარებას, მათ შორის „ვირუსობანას“ თამაშს, სადაც „ომობანის“ მსგავსად გათამაშდებოდა ვირუსის გავრცელების სიმულაცია. გეითსის აზრით, მსგავსი სიმულაციები დაეხმარებოდა ქვეყნებს სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირებაში და უკეთესად მოამზადებდა მსოფლიოს ეპიდემიური აფეთქებისთვის.

ფაქტია, ბილ გეითსს მაშინ დიდად ყურადღება არ მივაქციეთ და ზემოთ აღნიშნული ვიდეო უმრავლესობამ მხოლოდ 2020 წელს ვნახეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, გეითსის რჩევები ჩამოვახურდავოთ და ვირუსის შედეგების სიმულაციები გავითამაშოთ სექტორების მიხედვით, რათა უკეთ მოვემზადოთ ვირუსის შემდგომი ცხოვრებისთვის, მათ შორის განათლების სფეროშიც. სიმულაციების დასაგეგმად კი პირველ რიგში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების გაცნობიერებაა საჭირო.

ვირუსი და ეკონომიკური კრიზისი

28 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ოფიციალურად გამოაცხადა კორონავირუსით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური რეცესია და ქვეყნებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში იჩქარონ დახმარების მისაღებად IMF – ისთვის მიმართვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 18 მარტს უკვე მიმართა IMF -ს, დამატებით ფინანსების გამოყოფის მიზნით.2

პანდემიის მასშტაბების ზრდის კვალდაკვალ, გარდაუვალ ფინანსურ ზარალზე და ეკონომიკის ზრდის შემცირებაზე მიუთითებს აზიის განვითარების ბანკისა3 და ეუთოს4 ანგარიშები. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში5 პროგნოზირებულია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალოდ 4.2%-ით შემცირება. იმავე ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური დაღმასვლის მთავარი წინაპირობები არის და იქნება შიდა მოხმარებისა და ინვესტიციების შემცირება, ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების შეფერხება, საერთაშორისო ვაჭრობის შემცირება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების კლება. აღნიშნული ფაქტორები, საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრულ შეზღუდვებთან ერთად იწვევს უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ მომზადებულ ანგარიშში6 ხაზგასმულია შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობა. შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების პარალელურად, სამედიცინო და ჰუმანიტარული გამოწვევების გასამკლავლებლად გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფო რესურსების კლებას იწვევს. ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევის გასაღები სწორედ ამ მცირე რესურსის ეფექტურ მართვაშია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია შეღავათების და სტიმულირების პაკეტების ინიცირება, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია ამ პაკეტების ღირებულება და გრძელვადიანი შედეგები ბიუჯეტის შემოსავლებზე.

ეკონომიკური კრიზისები და განათლების სისტემა

ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელია განათლების სექტორზეც, გავლენის ხარისხი კი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის კრიზისის მასშტაბზე, ვაქცინის შექმნის თარიღზე და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ პრიორიტეტებსა და პოსტკრიზისულ სტრატეგიაზე.

შედეგების უკეთ გასამკლავებლად, ქვეყნები ყველაზე ცუდი სცენარებისთვის იწყებენ მზადებას და რესურსების მობილიზებას. განათლების სექტორში რელევანტური პროგნოზების გასაკეთებლად და შესაბამისი ნაბიჯების დასაგეგმად აუცილებელია წინა ეკონომიკური კრიზისების განათლების სექტორზე გავლენების ანალიზი.

2008 წლის ფინანსური კრიზისის განათლების სექტორზე გავლენის შესაფასებლად, UNESCO -მ 2009 წელს გამოიკვლია განვითარებადი ქვეყანები.7 კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ კრიზისულ პერიოდში ქვეყნები მიმართავდნენ ოთხ ძირითად სტრატეგიას განათლების ბიუჯეტის დასაგეგმად:

  • აკუმულირებული რეზერვებისა და/ან ვალის აღების გზით განათლების ბიუჯეტის შენარჩუნება ან გაზრდა
  • მიზნობრივ სოციალური დაცვაზე ფოკუსირება – სკოლებში რისკ ჯგუფების ინტერესების დაცვა
  • რეფორმაზე ორიენტირებული მიდგომა, ხარჯთ ეფექტურობის და მმართველობის გაუმჯობესება
  • ბიუჯეტის შემცირება განათლების სხვადასხვა სექტორებში

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ UNESCO-ს კვლევა 2009 წლის მარტში ჩატარდა და გაფართოებული მონაცემები 2010 წლის მდგომარეობაზე ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის. გლობალურ ეკონომიკურ კრიზისებზე დაკვირვებით ვლინდება, რომ კრიზისის ნეგატიური გავლენები განათლების სექტორში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს იჩენს თავს. მაგალითად, OECD -ს მიხედვით, 2008 წლის კრიზისის შედეგები ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ განათლების სფეროში 2010 წელს უფრო მწვავედ იგრძნო, ვიდრე 2009 წელს.8 საქართველოშიც, განათლებაზე დახარჯული თანხა ქვეყნის მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით 2010 წელს პროცენტულად უფრო ნაკლები იყო, 2009 წელთან შედარებით.

გარდა პრობლემებისა, კრიზისმა ჩვენს განათლების სისტემაში შესაძლებლობებიც გააჩინა – მკვეთრად გაიზარდა ტექნოლოგიების როლი განათლების პროცესში, მასწავლებლებმა უმოკლეს პერიოდებში აითვისეს ტექნიკური ცოდნა. შესამჩნევია ცოდნის გაზიარების მაჩვენებლების მკვეთრი ზრდაც ონლაინ სივრცეში. თუმცა მნიშვნელოვანია, არ დავრჩეთ ამ მიღწევების ხიბლში და ყურადღება მივაპყროთ ერთი მხრივ უჩინარ პრობლემებს, მეორე მხრივ კი პოტენციურ კოშმარებს.

I კოშმარი – ბავშთა შრომის ზრდა9

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით,  ეკონომიკურ რეცესიას მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვების მიერ სასწავლო პროცესის მიტოვებისა და ბავშვთა შრომაში ჩართვის კუთხით.10 ერთი მხრივ, მშობლების შემცირებული შემოსავლები უბიძგებს მათ, რომ ბავშვები ჩართონ შრომაში დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით – თუნდაც შრომა მოიაზრებდეს ასაკისთვის და ფიზიკური განვითარებისთვის შეუფერებელ დატვირთვას. მეორე მხრივ,  გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური პრობლემების გამო შრომით ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემების შედეგად, მშობლებმა შესაძლოა დაკარგონ შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის მოტივაცია და უბიძგონ / აიძულონ მათ განათლების სისტემის მიტოვება და შრომით საქმიანობაში ჩართვა.

აღსანიშნავია, რომ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში სკოლების დახურვის და ონლაინ სწავლებაზე გადასვლის კვალდაკვალ, ბავშვთა შრომის რისკები უკვე გაზრდილია, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში. მით უფრო, საქართველოში ბავშვთა შრომის პრობლემა ვირუსის გავრცელებამდეც მწვავედ იდგა.

2015 წელს საქსტატის მიერ ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით,11 საქართველოში 5-17 წლამდე ბავშვების 4.2% ჩართულია ბავშვთა შრომაში – ბიჭების 6.3% და გოგოების 1.9%. აქედან, ნახევარზე მეტი (51.8%) 5-13 წლისაა, ანუ მსუბუქი სამუშაოსთვის დასაშვები მინიმალური ასაკის ქვევით. ამ ბავშვების 84% სოფელში ცხოვრობს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი კი დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ  ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 63.9% „სახიფათო სამუშაოებსაც“ ასრულებს.

რაც შეეხება შრომაში ჩართული ბავშვების განათლების მახასიათებლებს, საქსტატის მიხედვით, 5-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაქმების კავშირი სკოლაში ჩართულობასთან არ გამოვლინდა, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დასაქმების მაჩვენებლები და მცირდება სკოლაში ჩართულობა.

2020 წლის 28 მარტის მონაცემებით,12 დაახლოებით 600 000 მოსწავლიდან და 55 000 -მდე მასწავლებლიდან, დისტანციური სწავლების პროგრამაში 213919 პირი ჩაერთო. უცნობია პროგრამით მოსარგებლეებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანაფარდობა, თუმცა ფაქტია, რომ ონლაინ სწავლება მოსწავლეების დიდ ნაწილსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახების 30%-ზე მეტს არა აქვს წვდომა ინტერნეტზე,13 შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ონლაინ სწავლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოფლად ცხოვრობს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა აქტიური სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მიმდინარეობს, მნიშვნელოვნად იზრდება სასწავლო პროცესს მოწყვეტილი ბავშვების მათთვის შეუფერებელ შრომით საქმიანობაში ჩართვის რისკიც.

იმ პირობებში, როდესაც ბევრი ოჯახი შიმშილის საფრთხის წინაშე დადგა და მათი სოციალური დაცვის გარანტიები ჯერჯერობით ბუნდოვანია, ბავშვთა შრომა ბავშვებისავე ინტერესების დასაცავად შესაძლოა ბევრი ოჯახისთვის ერთადერთ ალტერნატივადაც რჩებოდეს. როდესაც ბრძოლობ გადარჩენისთვის, ძნელია უარი თქვა შენს ირგვლივ არსებულ ნებისმიერ რესურსზე.

II კოშმარი – კერძო სკოლებზე მოთხოვნის შემცირება

ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ კერძო სკოლებზე მოთხოვნის შემცირება მხოლოდ მათი მეპატრონეებისთვისაა კოშმარი, თუმცა პრობლემა უფრო კომპლექსურია და მთლიანად ზოგადი განათლების სისტემას ეხება.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსახლეობის შემოსავლების კლების კვალდაკვალ, კერძო სკოლების მიმართ ინტერესი მცირდება, რაც საჯარო სკოლებზე მოთხოვნას ზრდის და შესაბამისად მნიშვნელოვანი პრობლემები ჩნდება ორივე სექტორში.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს საქართველოში კერძო სკოლების მიმართ ინტერესზე საერთო ჯამში ნეგატიურად არ უმოქმედია. პირიქით, 2009 წელს კერძო სკოლებში დაფიქსირდა მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის ზრდა 2244 ერთეულით. თუმცა, პირველკლასელების რაოდენობამ 428 მოსწავლით იკლო 2008 წელთან შედარებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საჯარო და კერძო სკოლებს შორის არჩევანის გაკეთებაზე კრიზისს შეიძლება ჰქონოდა გარკვეული გავლენა პირველკლასელების  მშობლებისთვის, თუმცა ეფექტი არ იყო იმდენად ძლიერი, რომ კერძოდან საჯაროში მოსწავლეების გადინება გამოეწვია.

მეორე მხრივ გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური კრიზისი ყველაზე დიდ დარტყმას მოსახლეობის საშუალო და ღარიბ ფენებს აყენებს.14 მათ შორის, Covid 19 -ის გავრცელების დისპროპორციულ ეკონომიკურ შედეგებზეც უკვე არაერთი  ანგარიში მიუთითებს.15 პოსტკრიზისული უთანასწორობები აისახება განათლების სექტორზეც – როგორც განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე, ასევე მოსწავლეთ აკადემიურ მიღწევებზე.16 უცნობია, საქართველოს კერძო სკოლებში რა პროცენტითაა წარმოდგენილი საშუალო ფენა, თუმცა 2008 წლის შემდეგ მოსწავლეთა მზარდი დინამიკის შენარჩუნება კერძო სკოლებში მაღალი სოციალური ფენის კონცენტრაციის შედეგადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

2020 წლის კრიზისის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია და შესაბამისად არც იმის პროგნოზირებაა ამ ეტაპზე შესაძლებელი, მნიშვნელოვნად იმოქმედებს თუ არა კრიზისი მოსახლეობის მდიდარ ნაწილზე. თუკი კერძო სკოლების მიმართ ინტერესი დაიკლებს, მოსალოდნელია სწავლის გადასახადის შემცირება და ამ გზით  ინტერესის შენარჩუნება. უფრო ღრმა ფინანსური კრიზისის შემთხვევაში სავარაუდოდ დაიწყება მოსწავლეთა გადინება საჯარო სექტორში. ამ შემთხვევაში, ერთეული საჯარო სკოლები შესაძლოა მზად აღმოჩნდნენ დამატებითი მოსწავლეების მისაღებად, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კერძო სკოლების უმრავლესობა თბილისშია განთავსებული და ამავდროულად თბილისის საჯარო სკოლები იმაზე მეტ მოსწავლეს ემსახურება, ვიდრე სკოლის პარამეტრებითაა განსაზღვრული, მოსწავლეების გადინებამ საჯარო სკოლებში შესაძლოა სერიოზული ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პრობლემები შექმნას – გაიზარდოს კლასების და კლასში მოსწავლეების რაოდენობა, წარმოიქმნას სასკოლო ინვენტარის დეფიციტი. სკოლების გადატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც.

მიმდინარე მოვლენების გამო, საერთაშორისო დონეზე კერძო სკოლები უკვე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.17 საქართველოში კერძო სკოლების მომავალი გარე ფაქტორების გარდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ადაპტაციის სტრატეგიებს მიმართავენ კრიზისულ პერიოდში – როგორი ხარისხის დისტანციურ სწავლებას შესთავაზებენ მოსწავლეებს, რა სახის კომუნიკაციას დაამყარებენ მშობლებთან და რა ტიპის ფასდაკლებებს შესთავაზებენ მათ. ამ მხრივ ჩანს, რომ ჩვენთან ზოგიერთი კერძო სკოლა აქტიურობს, რამდენიმე მათგანი კი არ ჩქარობს ახალ რეალობაზე გადაწყობას.

III კოშმარი – მასწავლებლების ხელფასების შემცირება

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2008 წლის კრიზისის შედეგად, განათლების ხარჯებისა და მასწავლებლების ხელფასების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა არა განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებში. 2008 წლის კრიზისის შემდეგ UNESCO-ს მიერ შესწავლილი 50 ქვეყნიდან, უმეტესობაში განათლების სფეროში დასაქმებული პირების ხელფასები არ შემცირებულა. საპირისპირო სცენარი განვითარდა დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში. რადიკალური იყო ლატვიის შემთხვევა, სადაც ხელფასები 50% -ზე მეტით შემცირდა.  ხელფასების კლება დაფიქსირდა ასევე მოლდოვაში, ხორვატიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და სხვა ქვექნებში.18 აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების უმეტესობაში მასწავლებლების ხელფასები შემცირდა ზოგადად საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების შემცირების ფარგლებში. დასავლეთ ევროპაში კრიზისი ყველაზე მტკივნეულად ირლანდიასა და ისლანდიაზე აისახა. ხელფასები  შემცირდა  ამერიკის შეერთებულ შტატებშიც (1-5%).

მიუხედავად განათლების ბიუჯეტის ხვედრითი წილის კლებისა, საქართველოში მასწავლებლების ხელფასები 2008 წლის შემდგომ არ შემცირებულა, რაც სავარაუდოდ განაპირობა მასწავლებლების ისედაც უკიდურესად დაბალმა ხელფასმა. გარდა ამისა, მასწავლებლებს საქართველოში ხშირად აღიქვამენ საარჩევნო ელექტორატად და მათ განაწყენებას პოლიტიკოსები სტრატეგიულ შეცდომად მიიჩნევენ. 2008 – 2009 წლებში მასწავლებლების რაოდენობა საქართველოში 80 000 -მდე იყო. თუკი მათ ოჯახის წევრებსაც გავითვალისწინებთ, გადაწყვეტილებების მიღების მათთვის ხელფასების დაკლება სავარაუდოდ მხოლოდ უკიდურეს ნაბიჯად მოიაზრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ხელფასი ზოგადი განათლების ბიუჯეტის დაახლოებით 2/3 წარმოადგენს და მათთვის ხელფასების შემცირება საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვნად დაზოგვას გამოიწვევს,  ეს ყოველთვის უკანასკნელი ნაბიჯია, რასაც ქვეყნები მიმართავენ, რადგან ხელფასების დაკლება იწვევს მასწავლებლების დემორალიზებას და გაცდენების რაოდენობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მასწავლებლების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 15 000-ით შემცირდა19 და მათთვის ხელფასების ზრდას გარკვეულწილად რაოდენობების შემცირებაც ასაზრდოებს. პოსტკრიზისულ პერიოდში მასწავლებლებისთვის მათი კუთვნილი ხელფასის დროულად გადახდა სწავლა-სწავლების ხარისხის და კარგი აკადემიური შედეგების უმთავრესი წინაპირობაა.

2020 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილია უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებების ხელფასების გაზრდა 150 ლარით. ამ მიზნით, ბიუჯეტში 140 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მიგვითითებს მესამე კოშმარი კოშმარად დარჩება თუ უფრო მოიკრებს ძალებს.

როგორ გავაძლიეროთ განათლების სისტემის იმუნიტეტი?

განათლების სისტემის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება მიმდინარე პროგრამების შეჩერების შესახებ, რაც გადაუდებელი ჯანდაცვის და ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე ფულადი სახსრების რელოკაციის გადაწყვეტილებითაა განპირობებული. ამ პირობებში, განათლების სამინისტროს უმთავრესი ამოცანა არსებული რესურსების სწორი გადანაწილებით შედეგზე ორიენტირებული მიდგომა უნდა იყოს. საჭიროა ყველა იმ პროგრამის / ქვეპროგრამის მუშაობის შეჩერება / მასშტაბის შემცირება, რომლის ფუნქციონირებაც გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

უფრო მეტიც, ბილ გეითსის „ვირუსობანას“ მსგავსად, განათლების სამინისტრომ „უფულობანა“ უნდა ითამაშოს, სხვადასხვა სცენარებისთვის მოემზადოს და შესაბამისი სამოქმედო გეგმები შეიმუშაოს. თუმცა, ეს პროცესი იმთავითვე ხარვეზებისთვისაა განწირული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სისტემების არარსებობის გამო. მაგალითად, თუკი დღის წესრიგში დადგება რომელიმე პროგრამის / ქვეპროგრამის დახურვა, განათლების სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს „მოუწევთ“ პირად ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობა, რადგან სამინისტროში არ არსებობს ზოგადი განათლების პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც კონკრეტული, გაზომვადი ინდიკატორებით მოახდენდა ხარისხის მონიტორინგს, პროგრამების შეფასებას და გამოავლენდა ეფექტურ / არაეფექტურ პროგრამებს. ამგვარი სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე სამინისტროს არაერთხელ მიუთითეს.20 ამჯერად მოქმედება ისევ ადამიანებზე და არა გამართულ პროცედურაზე დაყრდნობით მოგვიწევს, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია 2021 წლისთვის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა შემუშავებული იყოს, რათა გაიზარდოს ხარჯთეფექტურობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და უმთავრესი – სასკოლო განათლების ხარისხი.

მანამდე კი, სწავლის აღდგენამდე სასწრაფოდ სკოლებია მოსამზადებელი სწავლის გასაახლებლად. რადგან ვაქცინის შექმნის სავარაუდო თარიღი ჯერ კიდევ ჰორიზონტს მიღმაა, ვირუსი კი უმარტივესად ვრცელდება, განსაკუთრებული სიმწვავით დგება სკოლებში წყლის მიწოდების, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიტარული კვანძებისა და სველი წერტილების გამართულობის საკითხი. ამ პრობლემების მოსაგვარებლად პირველ რიგში საჭიროა დაიწყოს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ -ს მიერ მომზადებული სკოლების მოვლა-პატრონობის სასკოლო და მუნიციპალური ანგარიშების ანალიზი, რათა გამოიკვეთოს ის სკოლები, სადაც აღნიშნული პრობლემები დგას და ის ხარჯები, რაც ამ პრობლემების მოსაგვარებლადაა საჭირო.

მნიშვნელოვანია ასევე ინსტრუქციების შემუშავება სკოლის პერსონალისთვის და მოსწავლეებისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გადაუდებელი სიტუაციების ეფექტურად სამართვად. ასევე, აუცილებელია ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. საერთაშორისო დონეზე უკვე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის,21 რისი გათვალისწინებაც ჩვენთვისაც საციცოხლოდ აუცილებელია.

შოთა ზურაბიშვილი

წყაროები:

1 The next outbreak? We’re not ready | Bill Gates

2 საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება. 18 მარტო 2020

3 The Economic Impact of the COVID-19. ADB. 2020

4 OECD Economic Outlook, Interim Report March 2020

5 ეკონომიკური რეაგირება COVID-19-ზე: როგორ უმკლავდება გამოწვევას საქართველო? ISET. 2020

6 COVID -19. ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის. EPRC. 2020

7 Impact of the current financial and economic crisis on the developing countries in their efforts to achieve the Education for All (EFA) goals. UNESCO. 2010

8 What is the impact of the economic crisis on public education? OECD. 2013

9 მნიშნველოვანია ტერმინ „ბავშვთა შრომის“ განმარტება – შრომა, რომელიც ართმევს ბავშვებს ბავშვობას, მათ პოტენციალს და ღირსებას და არის მავნებელი მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ტერმინი „ბავშვთა შრომა“ უნდა გაიმიჯნოს „მომუშავე ბავშვების“ ცნებისგან, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარებისთვის არადამაზიანებელს შრომას გულისხმობს. საქსტატი. 2015

10 The Effect of an Economic Crisis on Educational Outcomes: An Economic Framework and Review of the Evidence. Shafiq. 2010.

11 საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის ანალიტიკური ანგარიში. საქსტატი. 2015

12 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს. განათლების სამინისტრო. 2020

13 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შინამეურნეობებში. საქსტატი

14 Rewilak, J. The Impact of Financial Crises on the Poor. 2017

15 US: Address Impact of Covid-19 on Poor. Human Rights Watch. 2020

16 The Effect of an Economic Crisis on Educational Outcomes: An Economic Framework and Review of the Evidence. Shafiq. 2010.

17 Private schools in UK struggling as coronavirus costs bite. Guardian. 2020

18 Education and the Global Economic Crisis: Summary of Results of the Follow-up Survey. Education International. 2010

19 საქსტატი. ზოგადი განათლება

20 დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2018

21 Interim Guidance for Covid -19 Prevention and Control in Schools. UNICEF. WHO. IFRC. 2020

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.